ბავშვისათვის ადრეულ ასაკში წამყვან საქმიანობას წარმოადგენს თამაში, სათამაშოებით გართობა და თანატოლებთან ურთიერთობა. ამ დროს იგი ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე სწალობს, აგროვებს ცოდნას საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. ახდენს საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას, აკეთებს სხვადასხვა აღმოჩენას. თამაში ბავშვისთვის ცხოვრების ერთგვარი რეპეტიციაა: თამაშით სწავლობს იმას, რაც შემდგომში პატარამ ყოველდღიურ ურთიერთობებში უნდა გადაიტანოს.
ჩვენს აკადემიაში თამაშით თერაპიის ფარგლებში მიმდინარეობს მცირე და დიდ ჯგუფებში ბავშვების ერთმანეთთან შეთამაშება. თერაპიულ პროცესში, თერაპევტისა და ბავშვების მხრიდან, ერთობლივად დადგენილი წესების დაცვა. დასწავლილი უნარების ერთმანეთთან გამოყენება, გენერალიზება. თამაშით თერაპია ხელს უწყობს ფანტაზიის, წარმოსახვის და ისეთი უნარების განვითარებასა და გამყარებას, როგორიც არის: რიგის დაცვა, საკუთარი ნივთების დათმობა და ერთმანეთისთვის გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვის თანამშრომლური უნარების განვითარებას. აღნიშნული თერაპიის ფარგლებში, ბავშვები სწავლობენ მოთმენას, არიან მობილიზებულნი, შესასრულებელ აქტივობებზე კონცენტრირებულნი, სწავლობენ მოსმენასა და საკუთარი ნააზრევის, დამოკიდებულებების სიტყვიერად ან ჟესტების ენის გამოყენებით გადმოცემას. პატარები აკვირდებიან მეგობრების ემოციებს და თავადაც ცდილობენ ემოციების მართვას.