„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის“ მიზანია ხელი შეუწყოს 2-10 წლამდე ასაკის განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა იმ უნარ-ჩვევების განვითარებასა და სრულყოფას, რომელიც მომავალში დაეხმარება მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, დამოუკიდებლად ფუნქციონირებასა და ინტეგრაციაში. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

დასახული მიზნების მისაღწევად აკადემია ბავშვებს სთავაზობს მულტიდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებულ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ბაზისური უნარ-ჩვევების განვითარება/სრულყოფა
  • სოციალური უნარების განვითარება/სრულყოფა
  • ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება/სრულყოფა

 

აკადემიაში ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიებს გაუძღვებიან სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით: ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია, თამაშით თერაპია, ხელოვნების თერაპია, მუსიკა თერაპია, ემოციების მართვისა და აკადემიური უნარების სპეციალისტი. 

დასწავლილი უნარ-ჩვევების ბუნებრივ გარემოში სწორად გენერალიზების მიზნით, აკადემიის მულტიდისციპლინური გუნდი, მშობელთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძვეზე, უზრუნველყოფს ამ უნარების სწორად წარმართვის სუპერვიზიას ბავშვის ყველა სახის მიკრო სოციალურ გარემოში: სახლში, ბაღში, სკოლაში და ა.შ

„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია“ პატარებს სთავაზობს დღის განმავლობაში 8 საათიან მომსახურებას (10:00 - 18:00) შაბათ-კვირის გარდა. მომსახურება გულისხმობს ორჯერად კვებასა (ხემსი და სადილი) და შუადღის ძილს (ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით).

აკადემიაში შაბათ - კვირა დაეთმობა სხვადასხვა სახის წრეებს.

ისტორია

2017 წლიდან ემორის უნივერსიტეტი (აშშ, ატლანტა) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის დახმარებით, საქართველოში მის მოქმედ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს „ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარების პროექტს“. საგრანტო პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ადამიანური რესურსების განვითარების, ფიზიკური რეაბილიტაციის კლინიკური სერვისების სრულყოფისა და შშმ პირთა პოლიტიკისა და ადვოკატირების ძლიერი საფუძვლის ჩამოყალიბებას. 

პროექტი მიმართულია შშმ პირთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის უმრავლეს პრობლემებზე, რომლის წინაშე ჩნდებიან ტრავმის, ნევროლოგიური და სხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები.

„ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში, რომლის წინაშეც დგებიან აუტისტური სპექტრის დარღვევის, ასევე განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები. სწორედ ამიტომ, პარტნიორებთან ერთად, 2021 წელს საფუძველი ჩაეყარა „ბავშვთა ადრეული განვითარების“ აკადემიის შექმნას.